საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა სოსო ჯაბიძემ ჩინეთის ქალაქ ტაიუანში დღეს დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მაგრამ ეს შედეგი ოლიმპიური ნორმატივის უმალ შესასრულებლად საკმარისი არ იყო. ჯაბიძემ დამატებით შეხვედრაში ლონდონის საგზური მეორე პრინჯაოს პრიზიორის, უნგრელი ბალაშ კიშის ძლევის შედეგადღა გაინაღდა.
ძირითად ბადეში სოსო ჯაბიძემ ორი მეტოქე ჩამოიცილა – ყაზახი ჟასულან სიდიკოვი და ყირგიზი აზატ ერკიმბაევი. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე შალვა გადაბაძესთან ვეღარას გახდა. ამ უკანასკნელმა შემდეგი შეხვედრაც მოიგო და თანამემამულეს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაუხსნა, სადაც სოსო ჯაბიძემ უზბეკ ევგენი აჩკასოვსა და ჩეხ დავიდ ვალას აჯობა.
დღესვე ჩინურ ხალიჩაზე მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეც გავიდა და ლიცენზიამდე “ორი ნაბიჯი” დააკლდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მანაც უცხო ქვეყნის სახელით მოჭიდავე ქართველთან დაკარგა. სამხრეთკორეელი ჰიუნ-გიუ კიმის, ლიტველი მინდაუგას მიზგაიტისისა, გერმანელი ოტო შმიდტის ძლევის შემდეგ ფერსელიძე ნახევარფინალში გავიდა და ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილთან ვეღარას გახდა. რეპეშაჟის ფინალში კი შვედ იოჰან მაგნუს ეურენთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ლონდონის სალიცენზიო მარათონის დასრულებამდე ერთადერთი ტურნირიღა დარჩა ჩასატარებელი - 4-6 მაისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ოლიმპიურ საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ. შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში: 66, 74 და 96 კილოგრამებში ჰყავს ლიცენზიანტი.
ოთარ მაღლაკელიძე