ფეხბურთი

22:17 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: „ჩვენ იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს“

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში „მიხეილ მესხზე“ „ნეფთჩისთან“ გასამართ საპასუხო მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, „ჩიხურას“ თავკაცმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ ტაქტიკის ძირეულად შეცვლას არ აპირებს და მისი გუნდი იმ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც წარმატებას მოუტანს.

სოსო ფრუიძე: „მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივად ვემზადებით. არაფერი განსაკუთრებული. ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს. რამდენიმე ფეხბურთელს მიკრო ტრავმები აწუხებს. გვსურს კარგი თამაში ვაჩვენოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. მოედანზე ამ განწყობით გავალთ.

-         გიგა ბეჭვაია გამოჯანმრთელდა?

-         ფეხის ტრავმა ჰქონდა. დღესაც მთელი დატვირთვით არ უვარჯიშია.

-         რაიმე ტაქტიკურ ცვლილებებს აპირებთ?

-         დიდი ცვლილებები არ იქნება. გვსურს 10-15 მეტრით უფრო წინ ავიწიოთ. შევხედავთ როგორ შემოგვიტევს მეტოქე და ამის მიხედვით გადავწყვეტთ რა დავუპირისპიროთ.

-         „ნეფთჩის“ მწვრთნელმა ისაუბრა, რომ თქვენი გუნდი კარგად ჰყავს შესწავლილი. აქედან გამომდინარე რაიმე სიახლეს ხომ არ შესთავაზებთ?

-         „ნეფთჩის“ თამაშს კარგად დავაკვირდით და შევისწავლეთ. გააჩნია მეტოქე რა სისტემით ითამაშებს. ძირითადად მათ ორი ტაქტიკური სქემა აქვთ, ან სამი მცველით თამაშობენ ან ოთხით. ჩვენ შემუშავებული გვაქვს თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ სქემებს. ბურთი როგორ „ამოვიტანოთ“ და რომელ ზონებში გადავიტანოთ.

-         კვლავ 120 წუთის ჩასატარებლად და პენალტების სერიისთვის მზად თუ ხართ?

-         ჩვენი გუნდი გამძლეობით, ჟინით, თავდადებით და თამაშის ორგანიზებით გამოირჩევა. იგივე „ბურსასთან“ წარმატება ამან მოგვიტანა. „ნეფთჩისთანაც“ ასეთ სტილში ვითამაშებთ და იმედია მოვიგებთ. ჩვენი თამაში ესაა.

-         „ნეფთჩის“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ახალ ტაქტიკას გამოიყენებს და მისი გუნდი შოუს დადგამს.

-         შოუს დადგმა უნდა და ვნახოთ „ნეფთჩის“ ამის საშუალებას რამდენად მივცემთ.

-         თქვენს მიერ ჩატარებული წინა თამაშები ძალიან კარგად შევისწავლე და ვიძახი, რომ „ჩიხურა“ ფეხბურთს არ თამაშობს. ხვალ აპირებთ ფეხბურთის თამაშს? (აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვა - რედ.)

-         თუ რაიმე იცით „ნეფთჩის“ მწვრთნელს არ უთხრათ. ჩვენ იმ თამაშს ვითამაშებთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

-         ცნობილია, რომ „ჩიხურას“ დატოვებას რამდენიმე ფეხბურთელი აპირებს...

-         ფეხბურთელებს ვესაუბრე და ისინი კონკრეტულად მომავალ თამაშზე არიან მობილიზებული. თუმცა, ჩვენ ახალ ფეხბურთელებს ვეძებთ, რადგან ისინი არა მარტო ევროთასებისთვის, არამედ საქართველოს ჩემპიონატისთვის გვჭირდება.

-         უეფას სანქციები რამდენად მტკივნეულია გუნდისთვის? ბაქოში მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ხომ არ დაჯარიმდებით?

-         ჩვენთვის ყოველ თეთრს, როგორც იტყვიან, ოქროს ფასი აქვს. ეს ჯარიმა ჩვენი გუნდის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა იყო. თუ კიდევ დაგვაჯარიმებენ, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

-         მომავალ თამაშში „ჩიხურას“ კოზირი რა იქნება?

-         ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბურთი არ გავუშვათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩვენ არ გვაქვს ძალები, რომ გოლის გაშვების შემთხვევაში თამაში გავაძლიეროთ. ვინც გვყავს, ამ ფეხბურთელებით მაქსიმუმს ვაკეთებთ.

-         „ნეფთჩიში“ რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?

-         „ნეფთჩის“ ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს, არაზ აბდულაევს, ვობაის, ფლავინიოს, მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლიათ. გარდა ამისა, ძალიან კარგი მარცხენა მცველია ბერტუჩი.

-         „ნეფთჩის“ სამი ფეხბურთელის სატრასფერო ფასი „ჩიხურას“ მთელი ბიუჯეტის ტოლფასია...

-         ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ასეთ გუნდს ვეთამაშებით. თუ გავიმარჯვებთ ძალიან გაგვიხარდება.

საჩხერის „ჩიხურასა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ მატჩი 7 აგვისტოს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091772