საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სეზონს ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით დახურავს. 28-29 ნოემბერს, არმიის სპორტული კლუბის დარბაზში გაშლილ ხალიჩებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ, ბერძენ-რომაელები კი შიდა კონკურენციაში 23-25 დეკემბერს ჩაერთვებიან.
თავისუფალთათვის დათმობილ პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, მეორე დღეს კი, სამეულები დარჩენილ სამ წონაში - 60, 74 და 96 კილოგრამებში შეივსება.
ფედერაციის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55 კგ), მალხაზ ზარქუას (60 კგ), დავით ხუციშვილის (74 კგ), დავით მარსაგიშვილისა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილის (120 კგ) გარდა, ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატისთვის სავალდებულოა.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ორთაბრძოლების ჩატარება 17 საათიდან იგეგმება.
ოთარ მაღლაკელიძე