საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. ბელგრადულ ტურნირზე 5 მედლის მომპოვებელ გუნდს თბილისის აეროპორტში ახლობელ-ნათესავების გარდა ჟურნალისტები და ქომაგებიც დახვდნენ. შეგახსენებთ, ზაზა თურმანიძის შვიდეულმა სერბული ხალიჩიდან 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი გამოიტანა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
“ოლიმპიური წელია და განსაკუთრებულად მინდოდა, ევროპის ჩემპონი გავმხდარიყავი. თან, შარშანდელი ევროპირველობის ფინალის შემდეგ, დამატებითი მუხტი მქონდა. ძალიან მინდოდა, ყველას დაენახა, რეალურად რისი მიღწევა შემეძლო. მიხარია, რომ საწადელს მივაღწიე. ეს ოქრო ოლიმპიური თამაშების წინ ჩემთვის დიდი სტიმულია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ევროპის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა.
ბელგრადში შეგირდების გამოსვლა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა:
“საკმაოდ ძლიერი ევროპის ჩემპიონატი იყო და სასიამოვნოა, რომ საერთო ჯამში შედეგიანად გამოვედით. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ თავიანთ წონებში გამორჩეულები არიან და არათუ ოლიმპიადაზე მოხვედრა, იქ წარმატებისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. რაც შეეხება მარსაგიშვილს, უკვე დიდი ხანია, სტაბილურად აჩვენებს კარგ შედეგებს. ევროპის ჩემპიონის ტიტული კი აქამდე არ ჰქონდა და ეს ოქრო ძალიან სჭირდებოდა. ოლიმპიადამდე ხომ სულ რაღაც ხუთი თვე რჩება” – განაცხადა ზაზა თურმანიძემ.
ოთარ მაღლაკელიძე