ჭიდაობა

20:13 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ბაქოსთვის ნახევრად ოპტიმალური განაცხადი ჩამოწერეს

ორიოდ დღეში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები აზერბაიჯანში გაემგზავრება, 12-13 მაისს კი ბაქოს მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. ტრადიციულ გუნდურ ტურნირე დასაყენებელი შემადგენლობა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ასე დააკომპლექტა: გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ).
წინასწარი გეგმით, ქართული გუნდი მსოფლიოს თასზე საუკეთესო შემადგენლობით უნდა გამოსულიყო, მაგრამ შიდა კონკურენციის ლიდერებს შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში მოისაკლისებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ), ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) ახლახან ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებზე იჭიდავეს და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მათი დატვირთვა აუცილებელი არაა. ზარქუასთვის, ხუციშვილისთვის, მარსაგიშვილისა და მოძმანაშვილისთვის კი აზერბაიჯანული ტურნირი ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში ერთ-ერთი სასტარტო შეჯიბრება იქნება.
ბაქოს მსოფლიოს თასზე ბრძოლაში სულ 10 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება: საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, იაპონია და ბულგარეთი.
11 მაისს გასამართი წილისყრა გუნდებს ორ ქვეჯგუფში გადაანაწილებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ჩატარების შემდეგ პირველადგილოსნები ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორე პოზიციის დამკავებელი ნაკრებები საბოლოო მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.092978