საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში გამოკრულ ლიცენზიანტთა დაფას ორი ხელმოწერა შეემატა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ოთარ თუშიშვილმა (66 კგ) და ბერძენ-რომაელმა სოსო ჯაბიძემ (96 კგ) ლონდონის საგზურები რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის ქალაქ ტაიუანში მოიპოვეს. შედეგად, თავისუფლებმა საოლიმპიადოდ სრული შემადგენლობა შეკრეს, კლასიკოსებს კი შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხი ჯერ თავისუფალი აქვთ.
“ოთარ თუშიშვილმა საწადელს უმძიმეს ბრძოლაში მიაღწია და შედეგად, დასკვნით სალიცენზიო ტურნირს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შვიდეულის თითოეულ წევრს რეალურად შეუძლია ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა და მჯერა, ლონდონში თავს არ შეირცხვენენ. იგივეს ვიტყვი სოსო ჯაბიძეზეც, რომელიც ასევე სამეულის პოტენციური კანდიდატია. მართალია, ბერძენ-რომაელებს ჯერ მხოლოდ სამ წონაში აქვთ ლიცენზია, მაგრამ ვფიქრობ, მათაც ძალუძთ სრული განაცხადის შევსება”, – თქვა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.
ლიცენზიანტებს ჩინური წარმატება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონი ბევრად უფრო გართულებულია წინა ოლიმპიადებთან შედარებით.
3 მაისს, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ანალოგიურ პრესკონფერენციას ძიუდოისტთა ნაკრებს მოუწყობს, რომელიც ოლიმპიადაზე თავისუფლების მსგავსად, სრული გუნდით გაემგზავრება.
ამ დროისთვის სალიცენზიო ნორმატივი 27 ქართველს აქვს შესრულებული. მათგან ლონდონში 24 გაემგზავრება. თუმცა ძალოსნობასა და ჭიდაობაში საბოლოო არჩევანი მწვრთნელებზეა. მათ უფლება აქვთ, სიაში მყოფი სპორტსმენები სხვა კანდიდატებით ჩაანაცვლონ.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 55 კგ)
მალხაზ ზარქუა (თავისუფალი ჭიდაობა, 60 კგ)
ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 66 კგ)
დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ)
დავით მარსაგიშვილი (თავისუფალ ჭიდაობა, 84 კგ)
გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 96 კგ)
დავით მოძმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 120 კგ)
მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 66 კგ)
ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ)
სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 96 კგ)
ამირან პაპინაშვილი ან ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ)
ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ)
ლევან ჟორჟოლიანი ან ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო, 100 კგ)
ადამ ოქრუაშვილი ან ზვიად ხანჯალიაშვილი (ძიუდო, +100 კგ)
რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 94 კგ)
გია მაჭავარიანი (ძალოსნობა, 105 კგ)
ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა, +105 კგ)
მერაბ თურქაძე (კრივი, 56 კგ)
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)
ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
ოთარ მაღლაკელიძე