ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაერთნენ. რვა წონითი კატეგორიიდან მედლები ოთხში გათამაშდა. ხალიჩაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრიც გავიდა და მათგან ერთმა კვარცხლბეკსაც უწია – 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ყველაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, გერმანიის სახელით მოჭიდავე აჰმედ დუდაროვთან წაგებით (2:4, 4:6). იქამდე უნგრელი სზომბორ იშტვან გულიასი (3:1, 2:0) და ეგვიპტელი მუჰამედ ალი ზაგლული (3:2, 5:3) ჩამოიცილა. ბრინჯაოს გზაზე კი ჯერ ჩინელ ზიინგ იანს (2:0, 6:0) სძლია, ხოლო დასკვნითი გამარჯვება აზერბაიჯანელ ელხან უსუბზადასთან (2:0, 1:1) მოიპოვა.
ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ) შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და უმალ დამარცხდა თურქ მუამარ სანჩაკთან (1:6, 4:5). ლაშა ბითარაშვილი (60 კგ) ტაილანდურ ხალიჩაზე ორჯერ გავიდა. კენჭისყრამ ისიც მერვედფინალიდან ჩართო საქმეში, სადაც იაპონელ მასაკაზუ კამოის იოლად აჯობა (4:1, 7:0), მაგრამ შემდეგ მოლდოველ მაქსიმ პერელიტასთან დამარცხდა (2:3, 0:2). გიორგი მეშვილდიშვილმა (96 კგ) კი საწყის ეტაპზევე წააგო, რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედგაჯი ნუროვთან (1:3, 2:2).
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა ტალახაძე (55 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ), ლევან გოგრიჭიანი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე