საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია შვიდი წონითი კატეგორიიდან ერთადერთშიღა დარჩა მოსაპოვებელი. დღემდე ოლიმპიადაზე ჭიდაობა მალხაზ ზარქუას (60 კგ), დავით ხუციშვილს (74 კგ), დავით მარსაგიშვილსა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილს (120 კგ) ჰქონდათ განაღდებული. მათ საწადელს მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მიაღწიეს. დღეს კი სოფიაში, ოლიმპიური ნორმატივი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) შეასრულეს.
ჯერ კიდევ წილისყრის ჩატარებისთანავე გამოჩნდა, რომ 55 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქართველებს ფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ. ეს კი ავტომატურად, ოლიმპიური ნორმატივის შესრულებასაც ნიშნავდა. განსაკუთრებით იღბლიანი სატურნირო ბადე ხინჩეგაშვილს ერგო – შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ლიცენზიის მოსაპოვებლად ორი არაფრით გამორჩეული მოჭიდავის: ესპანელი ფრანჩესკო ხავიერ სანჩეს პარასა და გერმანელი მარსელ ევალდის ძლევა ეყო. ფინალში კი თურქი აჰმეთ პეკერი დაჩაგრა. ქართველ მსუბუქწონოსანს არც ერთ მოწინააღმდეგესთან ერთი სეტიც არ დაუთმია.
გოგშელიძეს წილისყრამ ორი უმთავრესი კონკურენტი: რუსი აბდუსალამ გადისოვი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ასლანბეკ ალბოროვი ფინალამდე აარიდა. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს შედარებით სუსტი სპორტსმენები მოხვდნენ და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ოლიმპიური ლიცენზია საკმაოდ იოლად მოიპოვა. ფინალის გზაზე გოგშელიძემ მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი, უნგრელი გერგელი შანდორ კიში და გერმანელი რობინ მიხაელ ფერდინანდი დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრაში კი გადისოვთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ზურაბ იაკობაშვილმა იჭიდავა და ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, გერმანელ მარტინ სებასტიან დაუმთან წაგებით. არადა ამ შეხვედრამდე ორი ძლიერი მეტოქის ძლევა მოასწრო. პირველსავე წრეში პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალისტსა და ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, უკრაინელ ანდრეი სტადნიკს აჯობა, ხოლო შემდეგ – ბერძენ ანდრეას ტრიანტაფილიდისს. ერთადერთი წონა, რომელშიც ზაზა თურმანიძის გუნდს ოლიმპიადის ლიცენზია ჯერ არ მოუპოვების, სწორედ 66 კილოგრამია.
სალიცენზიო ეტაპის დასრულებამდე კიდევ ორი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. 27-29 აპრილს, ჩინეთის ქალაქ ტაიუანში ლონდონის საგზურს თითოეული წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს, ხოლო 4-6 მაისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში - ფინალისტები. ჩინეთში ქართული დროშის ქვეშ სავარაუდოდ ნაკრების გამოცდილი წევრი ოთარ თუშიშვილი იჭიდავებს.
21-22 აპრილს ბულგარული ხალიჩა თავისუფალთა ერთადერთ დარჩენილ წონას და ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებს დაეთმობათ. ბეგი დარჩიას გუნდს ოლიმპიური ნორმატივი ერთადერთ წონაში – 66 კილოგრამში აქვს შესრულებული (მანუჩარ ცხადაია – 66 კგ). ხვალ ლიცენზიას გოდერძი დავითაძე (55 კგ), ფირუზ წულუკიძე (60 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) შეუტევენ, ხოლო ზეგ – სანდრო დიხამინჯია (96 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ).
თავისუფალი ჭიდაობა
სალიცენზიო ტურნირი
სოფია
20 აპრილი
55 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 აჰმეთ პეკერი (თურქეთი)
3 ფრანჩესკო ხავიერ სანჩეს პარა (ესპანეთი)
3 ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)
60 კგ
1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2 ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი)
3 ვასილ ფედორიშინი (უკრაინა)
3 სელაჰათინ კილისალაჰანი (თურქეთი)
66 კგ
1 ალი შაბანაუ (ბელარუსი)
2 დავიდ საფარიანი (სომხეთი)
3 იან ჩებანი (რუმინეთი)
3 დეიან მიტროვი (მაკედონია)
74 კგ
1 ადამ საიტიევი (რუსეთი)
2 კირილ სტოიჩევ ტერზიევი (ბულგარეთი)
3 გაბორ ჰატოში (უნგრეთი)
3 რომან დერმენი (მოლდოვა)
84 კგ
1 ჰაჯიმურად ნურმაგომედოვი (სომხეთი)
2 იბრაჰიმ ბოლუკბასი (თურქეთი)
3 ეგზონ შალა (ალბანეთი)
3 მაციეჟ მიჰალ ბალავენდერი (პოლონეთი)
96 კგ
1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
2 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3 ალენ ზასიეიევი (უკრაინა)
3 ნიკოლაი ჩებანი (მოლდოვა)
ოთარ მაღლაკელიძე