თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილს (66 კგ) ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ბრინჯაოს მოგებამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. 1999, 2001 და 2010 წლების ევროპირველობების მესამეადგილოსანმა ქართველმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაწყებულ ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
66 კილოგრამში სულ 21 მონაწილე შეიკრიბა. წილისყრის შედეგად, თუშიშვილი იმ ათეულში მოხვდა, რომელსაც პირველ წრეში დასვენებამ არ მოუწია. საქმეში მეთექვსმეტედფინალიდანვე ჩაერთო და მასპინძელთა ჯილას, მირიან გეჩინს ორ სეტში 11 ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს. ბელარუსის სახელით მოჭიდავე ალბერტ ბატიროვს 3:1 1:0 აჯობა, ხოლო ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, უკრაინელ ანდრეი სტადნიკს – 6:3 1:0. ერთი მეტოქის ჩამოცილებაც და 33 წლის ქართველი ბრინჯაოს ტრადიციის მინიმუმ ვერცხლით დარღვევას გაინაღდებდა, მაგრამ ხელი ბულგარელმა ლეონიდ ანატოლიევიჩ ბაზანმა შეუშალა. ამ უკანასკნელმა ორ სეტში იმარჯვა (1:0 3:0) და ევროპირველობის ფინალში ჭიდაობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ოთარ თუშიშვილი კი დამამშვიდებელ ფინალში გადაერთო და უნგრელ გერგელი ვიოლერთან სამსეტიან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
დღესვე მედლები 96 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და სამეული აქაც უქართველოდ შეივსო. გიორგი გოგშელიძე შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ზაზა თურმანიძის გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა თურქ სერჰატ ბალჩისთან დაძაბულ შეხვედრაში წააგო. პირველი სეტის 2:0 მოგების შემდეგ გოგშელიძემ უპირატესობა დაკარგა, მეორეში 1:2 დამარცხდა, გადამწყვეტ სეტში კი 3:4 და... ისღა დარჩენოდა, ბალჩის ფინალში გასვლას დალოდებოდა, რათა თავად რეპეშაჟში გადართულიყო. ნახევარფინალში თურქი უკრაინელ ვალერი ანდრიცევთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე თავად გააგრძელა ჭიდაობა.
სერჰატ ბალჩისთან დაჭიდებამდე გოგშელიძემ ერთი მეტოქის ჩამოცილება მოასწრო – ევროპის შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორს, მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს ასევე სამსეტიან ბრძოლაში აჯობა. 96 კილოგრამში სულ 20 მონაწილე მოგროვდა და 12-მა მათგანმა (მათ შორის ქართველმა მოჭიდავემაც) ტურნირი მერვედფინალით დაიწყო.
ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ბესიკ გუჩაშვილი და მალხაზ ზარქუა იჭიდავებენ. გუჩაშვილი პირველ წრეში ლიტველ შარუნას ჟურცისს შეხვდება, ზარქუა კი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება სლოვაკ მიკოლა ბოლოტნიუკთან შეხვედრით.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი
6 მარტი
66 კგ.
1. ალან გოგაევი (რუსეთი)
2. ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)
3. გერგელი ვიოლერი (უნგრეთი)
3. დავიდ საფარიანი (სომხეთი)
5. ოთარ თუშიშვილი (საქართველო)
96 კგ.
1. აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
2. ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
3. სერჰატ ბალჩი (თურქეთი)
3. ივან იანკოვსკი (ბელარუსი)
ოთარ მაღლაკელიძე