ჭიდაობა

13:23 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო ჩემპიონატი

 

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების სამი კომპლექტიღა დარჩა გასათამაშებელი. 59, 71 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებმა კი სეზონის უმთავრესი ტურნირზე გამოსვლა უკვე დაასრულა. რვა ქართველი მოჭიდავიდან საპრიზო სამეულში ერთიც ვერ მოხვდა.

დღეს საქმეში გოდერძი დავითაძე (59 კგ), მინდია წულუკიძე (71 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (98 კგ) ჩაერთნენ და სამივე წინასწარ ეტაპზე დამარცხდა.

მათგან შედარებით შედეგიანად დავითაძემ იჭიდავა. ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა შეჯიბრება მაროკოელ ფუად ფაჟარის იოლად ძლევით გახსნა (5:0), მაგრამ კუბელ ისმაელ ბორეროსთან ვეღარას გახდა – 1:7.

მინდია წულუკიძე და ვასილ იმერლიშვილი კი პირველსავე წრეში დამარცხდნენ. წულუკიძე ამერიკელ ჯასტინ დაშაუნ ლესტერთან (0:5), ხოლო იმერლიშვილი ყაზახ ჟანარბეკ კაბდოლოვთან (0:1).

ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მალევე დაკარგეს, რადგან მათი მომგებები ფინალში ვერ გავიდნენ.

 

ვასილ მშვილდაძე

0.094168