საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. სამივე ტურნირის მეორე დღეს. თამაზ ბენდიანიშვილის გუნდის წევრთაგან დღეს ხალიჩაზე რამაზ დარჩიძე (46 კგ), შოთა ფარტენაძე (54 კგ), ომარ გურჯიძე (63 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) და გენო პეტრიაშვილი (100 კგ) გავიდნენ.
ყველაზე შედეგიანად პეტრიაშვილმა იჭიდავა. მძიმეწონოსანს, რომელიც წლეულს ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ამჯერად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: უნგრელი მარსელ კიში, თურქი იბრაჰიმ კასიოლი და რუსი ინალ ტასოევი. ოქროს დუბლის შესრულების შანსი კი ამერიკელ ადამ კუნთან წაგებით დაკარგა.
შოთა ფარტენაძე ბელარუსი ძიანის მაკსიმაუსა და ამერიკელი თომას ჯილმენის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ სულთან ნასრულაიევთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რუს რასულ შაპიევთან მოგებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გიორგი ჩხარტიშვილმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, ოღონდ ფარტენაძისგან განსხვავებით, მან დამამშვიდებელ ეტაპზე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა: უნგრელი გერგელი გიურიცი და მონღოლი ბაატარ ნიამბაიარი. იქამდე ძირითად ბადეშიც ორი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატი მაკედონიელი სტეფან ნიკოვსკის ძლევით გახსნა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანთან ორთაბრძოლაში დაკარგა.
ომარ გურჯიძემ ძირითად ბადეში იტალიელი არონ კანევა და ლიტველი დენისას სირვაიტისი კი დაჩაგრა, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ირანელ მეჰრან ბაბაეისთან ვეღარას გახდა და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო. იქ ერთადერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ყაზახ ილიას ჟუმაისთან.
რამაზ დარჩიძე უნგრულ ხალიჩაზე ერთხელ გავიდა. ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და პირველსავე მეტოქესთან, რუს ნიურგუნ ალექსანდროვთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა მალევე წაიფორხილა და დარჩიძეს რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
სომბატჰეი (უნგრეთი)
23 აგვისტო
42 კგ
1 ზაურ უგუევი (რუსეთი)
2 აზამატ ტოიბეკი (ყაზახეთი)
3 რამ კანვარ კადიანი (ინდოეთი)
3 მიჰაი კაზაკი (მოლდოვა)
50 კგ
1 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)
2 ჰასან ვაზდანიჩარატი (ირანი)
3 რინია ნაკამურა (იაპონია)
3 ტეჯა სინხ თაკური (ინდოეთი)
58 კგ
1 ფრაჰლად სინხ არიში (ინდოეთი)
2 ჰუსეინ შახბანოვი (რუსეთი)
3 ელჩინ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 პეიმან იარაჰმადი (ირანი)
5 რაუფ შაკულოღლი (საქართველო)
69 კგ
1 მაგომედგაჯი იმანშაპიევი (რუსეთი)
2 აზად სინხ დინეშ კუმარი (ინდოეთი)
3 რუსტამ ჯაფარიანი (უკრაინა)
3 აზამაი დაულეტბეკოვი (ყაზახეთი)
85 კგ
1 ჰატამ ალიაკბარზადე (ირანი)
2 ასლან ბიბულატოვი (რუსეთი)
3 სამუელ ბრუკსი (აშშ)
3 ფარვიზ ახუნდოვი (აზერბაიჯანი)
5 ბექა როჭიკაშვილი (საქართველო)
24 აგვისტო
46 კგ
1 ვლადიმირ კუდრინი (ყაზახეთი)
2 ემრე დემირჩანი (თურქეთი)
3 კეისუკე ოტოგურო (იაპონია)
3 იოუნეს სარმასტიდიზაჟი (ირანი)
54 კგ
1 სულთან ნასრულაიევი (აზერბაიჯანი)
2 ბალდვან სინხ ბაირანგი (ინდოეთი)
3 შოთა ფარტენაძე (საქართველო)
3 დაიჩი ტაკატანი (იაპონია)
63 კგ
1 მეჰრან ბაბაეი (ირანი)
2 კაზბეკ ტაშიევი (რუსეთი)
3 ილიას ჟუმაი (ყაზახეთი)
3 სურანდერ სინხ პარვენი (ინდოეთი)
7 ომარ გურჯიძე (საქართველო)
76 კგ
1 ელხან ასადოვი (ყაზახეთი)
2 ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანი (ირანი)
3 გიორგი ჩხარტიშვილი (საქართველო)
3 არტემ უმაროვი (რუსეთი)
100 კგ
1 ადამ კუნი (აშშ)
2 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ინალ ტასოევი (რუსეთი)
3 მოიტაბა მორადი (ირანი)
ოთარ მაღლაკელიძე