ჭიდაობა

17:36 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

წახკაძორი მოილიეს, წინ დუშეთია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი სომხური შეკრებიდან დღეს ბრუნდება. ზაზა თურმანიძის გუნდმა ბოლო ორი კვირა წახკაძორის ცნობილ ოლიმპიურ ბაზაზე ივარჯიშა. მორიგ ორკვირიან შეკრებას კი 13-26 ივნისს დუშეთში გაივლის. უკვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ქართველი “თავისუფლები” დუშეთში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. დასკვნით შეკრებას კი ბორჯომი უმასპინძლებს.
თითქმის ანალოგიური გეგმით ემზადება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც. ბეგი დარჩიას გუნდი წახკაძორიდან ორიოდ დღეში დაბრუნდება და 14 ივნისს უკვე დუშეთს მიაშურებს. განსხვავება კი ისაა, რომ, კლასიკოსები ლონდონამდე ერთ საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობასაც მოასწრებენ – 30 ივნისიდან 2 ივლისამდე, დორტმუნდის “დიდ პრიზზე”. შემდეგ ორი კვირით მინსკში შეიკრიბებიან, სტაიკის ცნობილ ბაზაზე. ბოლოს კი ისინიც ბორჯომში ჩავლენ.
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საჭიდაო ხალიჩები 5 აგვისტოს გაიშლება და ჩემპიონ-პრიზიორები 7 დღის განმავლობაში გამოვლინდებიან. ბერძნულ-რომაულში მედლები 5-7 აგვისტოს გათამაშდება, 8-9-ში საქმეში მოჭიდავე ქალები ჩაერთვებიან. წერტილს კი “თავისუფლები” დასვამენ – 10-12 აგვისტოს.
შეგახსენებთ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სრული – 7-კაციანი შემადგენლობით გამოვა, ბერძენ-რომაელებს კი 6 მონაწილე ეყოლებათ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.099571