ქართველი მოჭიდავეები 19-24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს ბორჯომული ვარჯიშებით ასრულებენ. დასკვნით შეკრებაში როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გაფართოებული შემადგენლობებით იღებენ მონაწილეობას. ევროგანაცხადიც, უკვე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა.
“მსოფლიო სპორტი” სპორტკომპლექს “ოლიმპიკს” დღეს ესტუმრა. დღესვე მოჭიდავეებთან შესახვედრად ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც ჩავიდნენ.
სტუმრები ნაკრების წევრების პირისპირ დაახლოებით ნახევარი საათით დასხდნენ. მოსამზადებელი ციკლის მიმდინარეობაზე ესაუბრნენ და მომავალ ევროპირველობაზე წარმატებული გამოსვლა უსურვეს.
“მადლობა იმ შრომისთვის, რომელსაც მომავალი წარმატებისთვის ნამდვილად არ იშურებთ. წინ უდიდესი ტურნირი გველის და მის საუკეთესოდ ჩატარებაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ, საორგანიზაციო, თქვენ კი სპორტული კუთხით. თბილისური ევროპირველობა ჩვენთვისაც უდიდესი გამოცდაა, რადგან ჭიდაობაში ამ რანგის შეჯიბრებისთვის საქართველოს აქამდე არასოდეს უმასპინძლია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ საქმეს თავი უმაღლეს დონეზე გავართვათ. იმედია, ასეც იქნება. ქართველი სპორტსმენების კარგმა გამოსვლამ კი მომავალი ჩემპიონატი ერთიორად უნდა გაალამაზოს. სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული უნდა ვაჩუქოთ” – უთხრა ლევან ყიფიანმა ნაკრების წევრებს.
ლუკა კურტანიძემ სპორტსმენებს აცნობა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან ყველაფერი კეთდება, თბილისში უმაღლესი დონის ევროპირველობის ჩასატარებლად. მთელი რიგი საკითხების განხილვისას ერთ-ერთ პრიორიტეტად ბილეთების დაბალი ფასი დასახელდა და უკვე გადაწყდა კიდეც, რომ ევროპის ჩემპიონატის დღიურ ბილეთს სიმბოლური ფასი ექნება: 1 და 3 ლარი.
“იმედია ამ ნაბიჯით სპორტის მოყვარულებს მაქსიმალურად მოვიზიდავთ სპორტის სასახლეში და ჩვენს სპორტსმენებს მხურვალე მხარდაჭერა ექნებათ” – აღნიშნა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მომავალი ტურნირის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ლერი ხაბელოვმაც, განაცხადა რა, რომ ამ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებით საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ უმაღლესი დონის შეჯიბრებების მასპინძლობა ამ ქვეყანასაც შეუძლიაო. მოჭიდავეებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა უსურვა და პეკინის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი ციკლი გაიხსენა, როდესაც დასკვნითი შეკრება ნაკრებმა სწორედ “ოლიმპიკში” გაიარა და რევაზ მინდორაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მინდორაშვილს ბორჯომული მომზადების შემდეგ ოქროს მედლით გახარება ამჯერად უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში უსურვა.
ქართული გუნდების მიერ გავლილი ევროსამზადისისა და მოჭიდავეების ამჟამინდელი ფორმის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია რევაზ მინდორაშვილმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დამრიგებელმა ბეგი დარჩიამ და ორივე შვიდეულის თითო წევრმა: დავით მარსაგიშვილმა და ვლადიმერ გეგეშიძემ მიაწოდეს.
ბეგი დარჩიამ ევროშემადგენლობის დასახელებისას არჩევანი ზუსტად იმ სპორტსმენებზე შეაჩერა, რომლებიც გასულ ზაფხულს, ლონდონის ოლიმპიადაზე აჭიდავა.
“შარშანდელი წლის ბოლოს ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ის მოჭიდავეები მოვინიშნეთ, რომელთაგანაც უნდა შეგვერჩია ამ ჩემპიონატზე დასაყენებელი ნაკრები. ნელ-ნელა 12 ძირითადი კანდიდატი გამოიკვეთა. გავიარეთ შეკრებები ბორჯომსა და მინსკის ცნობილ ოლიმპიურ ბაზაზე. გამოვედით უნგრეთის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღეთ – ევროპის ჩემპიონატის განაცხადი ოლიმპიური შევიდეულით შევავსეთ. რეალურად, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. აქვე მინდა, მოსამზადებელი ციკლის მიმდინარეობისას ჩატარებული თურქეთის “ოქროს დიდი პრიზიც” ვახსენო, რომელზეც ოპტიმალური შემადგენლობის დაყენებისგან თავი შევიკავეთ. თურქეთში რევაზ ნადარეიშვილმა (84 კგ) და მიხეილ ქაჯაიამ (96 კგ) მედლები მოიპოვეს და ნაკრების კანდიდატთა სიაშიც ჩაეწერნენ. მათი და კიდევ რამდენიმე სპორტსმენის სახით ჩვენს გუნდს ძალიან კარგი შევსება ეზრდება. რაც შეეხება მომავალ ევროპირველობას, გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. ბიჭებს გათავისებული აქვთ, რომ საკუთარ კედლებში, ქართველი გულშემატკივრების თვალწინ გაათმაგებული ენერგიით უნდა იჭიდაონ. თავს დადებენ და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ” – განაცხადა დარჩიამ.
რევაზ მინდორაშვილმა კი აღნიშნა, რომ უპირატესობა საქართველოს ჩემპიონებს მიანიჭა, ოღონდ იქვე დასძინა - ეს გადაწყვეტილება მარტო შიდა პირველობის შედეგის გათვალისწინებით არ მიმიღიაო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარგად იცის, რომ შვიდეულში რამდენიმე გამოუცდელი სპორტსმენის შეყვანით არც თუ პატარა რისკიც გასწია, მაგრამ ახალწვეულებისაც ისევე ეიმედება, როგორც გუნდის გამოცდილი და ტიტულოვანი წევრების.
ერთ-ერთი ახალი სახე მინდორაშვილის შვიდეულში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია. ამ 18 წლის ბიჭმა ნოემბერში, უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და რაც მთავარია, საჩემპიონო გზაზე ნაკრების ორივე უმთავრესი კანდიდატი დაამარცხა - დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე.
“ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატამდე რომ ვინმეს ეთქვა, ნაკრებში დადგები და ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებო, სერიოზულად ვერაფრით ვერ მივიღებდი. საქართველოს პირველობის მერეც კი არ მჯეროდა ამის. ჩემი გამოცდილი კონკურენტები მაინც ჩემზე ძლიერები არიან. კარგად ვხვდები, ჩემზე არჩევანის გაკეთებით მწვრთნელებმა რისკი რომ გასწიეს და გაორმაგებული ენერგიით ვვარჯიშობ, მათი ნდობის გასამართლებლად. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ევროდებიუტი თბილისის სასახლეში, ქართველი მაყურებლის თვალწინ შედგება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გენო პეტრიაშვილმა.
ნაკრების ევროსამზადისში აქტიურადაა ჩართული გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. სპორტსმენების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სწორედ მან მოგვაწოდა:
“საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არცერთ მოჭიდავეს არ აწუხებს. დღევანდელი მდგომარეობით, ხალიჩაზე გასვლა და სრულად დატვირთვა ორივე გუნდის ყველა წევრს შეუძლია. მოსამზადებელი ციკლის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად სანერვიულო დავით ხუციშვილის მხრის ტრავმა იყო, რომელიც უკვე ბოლომდე მორჩენილია, მაგრამ რისკის თავიდან ასაცილებლად შეიძლება დათო მაინც გამაყუჩებლით ვაჭიდავოთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, ესეც არ დასჭირდეს. დავით მარსაგიშვილმა კი ერთ-ერთი ვარჯიშისას მუხლის სახსარი დაიზიანა, მაგრამ საგანგაშო არც ამ შემთხვევაში გვაქვს. რაც შეეხებათ ბერძენ-რომაელებს, სოსო ჯაბიძემ ჯერ კიდევ მინსკის შეკრებამდე მოირჩინა ბარძაყის კუნთის ტრავმა და სრული დატვირთვით ემზადება. მანუჩარ ცხადაია კი ზედმეტ წონას იკლებს და ამ პროცესს გულისყურით ვაკონტროლებთ” – განაცხადა კახაბრიშვილმა.
მანუჩარ ცხადაიამ ევროპის შარშანდელი ჩემპიონატი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ფინალშიც გავიდა, მაგრამ შემდეგ, ოლიმპიადაზე მშობლიურ წონას – 66 კილოგრამს დაუბრუნდა. ლონდონური ხალიჩიდან ბრინჯაო გამოიტანა, მაგრამ აშკარად მეტი შეეძლო. ოქრო-ვერცხლის გარეშე დარჩენის უმთავრეს მიზეზად მაშინ მანუჩარმაც და ბეგი დარჩიამაც ძალიან დიდი ზედმეტი წონის დაკლება დაასახელეს. მაშინვე თქვეს, რომ სწორედ ოლიმპიური თამაშებით დასრულდა ცხადაიასთვის 66 კილოგრამში ჭიდაობა, მაგრამ თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში სპორტსმენმა გადაწყვეტილება შეცვალა.
“ძალიან მინდა 66 კილოგრამში გამოსვლა წარმატებით დავასრულო. ევროპის ჩემპიონატი თბილისშია და თავს არ დავზოგავ, გულშემატკივრების გასახარებლად. აი ევროპირველობის შემდეგ კი ნამდვილად საბოლოოდ ავინაცვლებ 74-ში. ამჯერადაც ძალიან დიდი წვალების ხარჯზე მიწევს მიზნისკენ სწრაფვა. 9 კილოგრამი უკვე დავიკელი და დარჩენილ დღეებში დაახლოებით 4 კილოგრამი კიდევ უნდა დავიკლო. ზაფხულში ეს პროცესი გაცილებით ძნელად მიდიოდა. ახლა კი თავს შედარებით ადვილად ვართმევ და იმედია ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც მე და ქართველ გულშემატკივრებს გვინდა” – გვითხრა ცხადაიამ.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ლუკა კურტანიძეს ბერძენ-რომაელთა განაცხადში მძიმეწონოსან გურამ ფერსელიძის გამოჩენაზეც ვკითხეთ. ეს სპორტსმენი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გასული წლის ბოლოს, საპასპორტო უზუსტობის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. ლუკა კურტანიძის განცხადებით, ფილამ ამ საკითხს თავიდან გადახედა და ფერსელიძეს დისკვალიფიკაცია ყოველგვარი ფინანსური სანქციის გარეშე მოუხსნა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბორჯომულ შეკრებას 17 მარტს დაასრულებს, თბილისში დაბრუნდება და სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდება. ევროპის ჩემპიონატში მინდორაშვილის შვიდეული 19-22 მარტს ჩაერთვება. ბეგი დარჩიას გუნდი კი სპორტის სასახლის ხალიჩაზე 23-24 მარტს გავა.
დასასრულ, საქართველოს ნაკრებების შემადგენლობებსაც შეგახსენებთ.
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ – გიორგი ედიშერაშვილი
60 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
66 კგ – კონსტანტინე ხაბალაშვილი
74 კგ – დავით ხუციშვილი
84 კგ – დავით მარსაგიშვილი
96 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
120 კგ – გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ – ლაშა გოგიტაძე
60 კგ – რევაზ ლაშხი
66 კგ – მანუჩარ ცხადაია
74 კგ – ზურაბ დათუნაშვილი
84 კგ – ვლადიმერ გეგეშიძე
96 კგ – სოსო ჯაბიძე
120 კგ – გურამ ფერსელიძე
სპორტის სამინისტროს ფოტო