საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ დავით ხუციშვილის ტრავმას გერმანელი ექიმები გამოიკვლევენ. 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ერთი თვის წინ თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მხარი იტკინა და შედეგად, სამეულს მიღმა დარჩა. მწვრთნელები შიშობდნენ, რომ ნაკრების ერთ-ერთმა გამოცდილმა წევრმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომლის გამოც იყო საშიშროება, შემოდგომაზე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოეტოვებინა, მაგრამ ქართულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მხარი მხოლოდ ნაღრძობი იყო და არა მოტეხილი.
საქართველოს ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ეს ტრავმა ოპერაციას არ საჭიროებს და დავით ხუციშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაშიც არ შეუშლის ხელს, მაგრამ სრულყოფილი გამოკვლევის ჩასატარებლად ხუციშვილის ევროპულ კლინიკაში გაგზავნა მაინც გადაწყდა.
“გერმანელ მედიკოსებთან დიდი ხანია ვმეგობრობთ, ისინი მსგავს სიტუაციებში ყოველთვის გვეხმარებიან. ახლაც, დათოს ტრავმის სურათები გავუგზავნეთ და მათაც დაგვიდასტურეს, რომ საოპერაციო არაა. სულ პატარა რისკიც რომ გამოვრიცხოთ, ხუციშვილი მაინც გავუშვით მაინცის კლინიკაში, სადაც მხრის სახსარზე ართროსკოპულ გამოკვლევას ჩაუტარებენ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.