„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელმაც თავის ტკივილის გამო არათუ ვერ ითამაშა, არამედ, სტადიონზეც არ დარჩენილა და სახლში წავიდა. ესპანელმა თქვა, რომ სანერვიულო არაფერია.
„არაფერი მნიშვნელოვანი, მომავალი შაბათისთვის (ჩემპიონთა ლიგის ფინალი - რედ) არაფერია სანერვიულო. გახურების შემდეგ ის თავს კარგად არ გრძნობდა. გადავწყვიტეთ, რისკზე არ წავსულიყავით“, - თქვა Bein Sports-თან ესპანელმა მწვრთნელმა.
ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს ხვიჩას მდგომარეობის შესახებ და დაახლოებით იგივე უპასუხა - სანერვიულო არაფერია:
"ის ძალიან კარგად მუშაობას, დღეს თამაში არ შეეძლო, მაგრამ სამშაბათს ვარჯიშზე იდეალურად იქნება. არანაირ რისკზე არ წავედით, გახურების შემდეგ გულისრევა იგრძნო, ეს ზოგჯერ ხდება, მაგრამ სანერვიულო არაფერია“, - აღნიშნა 55 წლის მწვრთნელმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ წელს უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი და საფრანგეთის თასი, წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, 31 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ, ხოლო 14 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.