ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ დატოვება სურს, ხოლო კლუბს ფინანსური პრობლემები არ აქვს და ლიდერების შენარჩუნებას აპირებს.
ამიტომაც, როგორც Footmercato იტყობინება, დავითაშვილსა და ფრანგულ კლუბს შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს, რადგან ეს მდგომარეობა ქართველ ფეხბურთელს აღიზიანებს.
„გასულ სეზონში ლიგა 1-ში დიდი ამბიციებითა და ახალი ინვესტორით დაბრუნებულმა „სენტ ეტიენმა“ საბოლოოდ ქაოტური წელი განიცადა. სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დაქვეითებულ „მწვანეებს“ ახლა ახალი ციკლის განახლება მოუწევთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ ფრანგული ფეხბურთის ელიტაში. ამისათვის, როგორც ახლახან გაგიმხილეთ , „სენტ ეტიენში“ პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: შეინარჩუნონ თავისი საუკეთესო მოთამაშეები.
2024 წლის ზაფხულში „სენტ ეტიენში“ გადასული ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთია. უნდა ითქვას, რომ მისი ბურთის ფლობის ნიჭი, ვიწრო სივრცეებში განსხვავების შექმნისა და მატჩების გახსნის უნარი „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებისა და ლიგა 1-ის გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევს. 9 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით, ქართველი ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტიც 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი (+ ერთი წელი არჩევითი) გამოირჩეოდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ინტერესი გაეღვივებინა.
ზურიკო დავითაშვილი ღიზიანდება!
ჩვენი ბოლო ინფორმაციით, „ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელი „რენის“, „სტრასბურის“, „სევილიას“, „გლადბახის“ და „ევერტონის“ სამიზნეშია. პრობლემა? „სენტ ეტიენი“ არ მოუსმენს და არ აპირებს მარჯვენა გარემარბის გაყიდვას, კლუბისა და შეთავაზებული ფასის მიუხედავად. ესაა სიტუაცია, რომელიც ფეხბურთელს ნამდვილად აღიზიანებს. იმედგაცრუებულმა და ახალი, ამბიციური გამოწვევის წინაშე მდგარი ხვიჩა კვარაცხელიას ახლო მეგობარმა, რომელსაც იგივე აგენტი ჰყავს და შესაბამისად, შეუძლია იგივე ტაქტიკა გამოიყენოს მისი წასვლის დასაჩქარებლად, უარი თქვა „პარიზის“ და „კალიარის“ წინააღმდეგ თამაშზე პრესეზონის მატჩებში.
მისი მკაფიო პოზიციაა, რომ სურს შეუერთდეს უმაღლესი ლიგის კლუბს, რომელიც სასურველია, რომ ევროტურნირებზე მონაწილეობდეს. ერთი რამ ცხადია: თუ „მწვანეების“ 22 ნომრის მომავლის შესახებ ინფორმაციის გასაგებად ცოტა ხანი მოგვიწევს ლოდინი, კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ტონი გამკაცრების რისკის ქვეშაა, რომელიც „სენტ ეტიენის“ დატოვებისკენ უფრო მეტადაა მიმართული, ვიდრე ოდესმე“, - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ „კალიარისთან“ უთამაშებლობის მიზეზად გამოცემა ფეხბურთელის უარს ასახელებს, მაგრამ „სენტ ეტიენის“ მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა თქვა, რომ მიზეზი ტრავმა იყო.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს რამდენმე კლუბს უკავშირებენ, სულ ბოლოს „ბოლონიაზე“ გავრცელდა ინფორმაცია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
„სენტ ეტიენმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, სეზონს კი, 9 აგვისტოს, „ლავალთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.