ფეხბურთი

1:25 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი კონფერენს ლიგაზე: მოისწრაფიშვილის ორი და მექვაბიშვილის ერთი საგოლე პასი (+VIDEO)

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავა სპარტაკსა“ და ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას“ გუნდების დაპირისპირება დრამატული გამოდგა, რაშიც ქართველმა ნახევარმცველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

პირველი მატჩი რუმინეთში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და დღეს სლოვაკეთშიც თავიდან „კრაიოვა“ დაწინაურდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:0-ს იგებდა. თუმცა, სლოვაკურმა გუნდმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ჩამორჩენა აღმოფხვრა.

ამაში დიდი წვლილი მოისწრაფიშვილმა შეიტანა, რომელიც მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო. ორ წუთში გიორგიმ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი მეკარემ და ხარიხამ ერთობლივად მოიგერიეს, მაგრამ დამატებაზე პატრიკ ნვადიკემ ცარიელ კარში გაიტანა. სტატისტიკაში მოისწრაფიშვილს ასისტი არ ჩაეწერა, მაგრამ ეს მის მიერ შექმნილი გოლი იყო. ამის გარეშეც ქართველმა ორი საგოლე პასი მიითვალა.

68-ე წუთზე გიორგიმ ისევ სტანდარტული გაათამაშა და ფილიპ აზანგომ გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე ისევ შესანიშნავად ჩააწოდა მოისწრაფიშვილმა ჯარიმა და ტიმოთეი კუდლიცკამ შეაგდო - 4:1.

ძირითადი დრო ასე დასრულდა და დამატებითი დრო დანიშნა, სადაც უკვე „ტრნავამ“ ვეღარაფერი შეძლო და „კრაიოვამ“ მოახერხა ორი უპასუხო გოლის გატანა. 101-ე წუთზე ტუდორ ბალუტამ შეძლო თავის გამოჩენა, საგოლე პასი ისევ ქართველი ფეხბურთელის იყო - ანზორ მექვაბიშვილის, რომელიც მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა და მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა გოლი. რუმინულმა კლუბმა ბოლოსკენ მესამედ შეაგდო და თამაში დამატებით დროში 3:4 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 6:4 გაიმარჯვა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც თურქულ „ბაშაკშეჰირს“ შეხვდება.

გიორგი მოისწრაფიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ანზორ მექვაბიშვილის აქტივში 7 მატჩში 4 საგოლე პასია.

ევროპა ლიგას დაემშვიდობა დონეცკის „შახტარი“, რომელმაც ათენის „პანათინაიკოსს“ ვერ აჯობა. ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ბერძნულმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა. ირაკლი აზაროვი სათადარიგო სკამზე იყო. უკრაინული გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა სალონიკის „პაოკი“, რომელმაც დამატებით დროში 1:0 სძლია „ვოლფსბერგერს“ და ორი მატჩის ჯამშიც ეს ერთადერთი გოლი გამოდგა გადამწყვეტი. ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო. „პაოკი“ პლეი-ოფში „რიეკას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091906